ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და თოკების პარკი გაიხსნა

27/07/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის ეროვნულ პარკში, ვიზიტორთა ახალი ცენტრისა და შემეცნებით-გასართობი ატრაქციის – „თოკების პარკის“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართული ღონისძიება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა გახსნეს. შოთა რეხვიაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და სფეროს განვითარების პროცესში, სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, კერძო და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე და პრიორიტეტული მიმართულებით, მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც თემით დაინტერესებული პირებისთვის, რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გაეცნობის შესაძლებლობას ქმნის, გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა. თოკების ატრაქციის მოწყობა კი, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KFW) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) თანამშრომლობით განხორციელდა.
ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, საქართველოს პარლამენტში მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მერი, გიორგი ქორიძე, ასოციაციის – „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თავჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი, KFW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი კლაუს ვიგელი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0