ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე ვეტოსთან დაკავშირებით დისკუსია გამართა

24/01/2018

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნების შესახებ დისკუსია გამართა.
ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ვეტოს არგუმენტები გააცნო და იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, ცვლილებების ძალაში შესვლას მოჰყვეს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ორი მთავარი გარანტია სჭირდება – პოლიტიკური და ფინანსური გავლენებისგან დამოუკიდებლობა. პრეზიდენტის ვეტო კი, იმ ორ მნიშვნელოვან არგუმენტს ეფუძნება, რომელიც საფრთხეს უქმნის ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სიკეთეებს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, თუ ეს კანონპროექტი ამ ფორმით შევა ძალაში და გახდება კანონი, ის საფრთხეს შეუქმნის ერთი მხრივ, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებლობას – და მეორე მხრივ, მედიამრავალფეროვნებას. ასევე, სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის კომერციულ მაუწყებლებს და მედიასაშუალებებს, რაც დააზიანებს მედიაპლურალიზმს და შეზღუდავს საზოგადოების წვდომობას მრავალფეროვან ინფორმაციასთან.
,,მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რის გამოც პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლებამოსილება, ეს არის სერიოზული კორუფციის რისკები გაჩენა, რასაც ეს კანონი ხელს შეუწყობს.
ამ ეტაპზე მოაზრებულია, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან განსახორციელებელი შესყიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი აღარ დაექვემდებაროს იმ რეგულაციებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში დღეს მოქმედებს.
ბუნებრივია, ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა მაუწყებლობის მხრიდან განსახორციელებელ შესყიდვებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებდეს, თუმცა ეს არ ამართლებს იმას, რომ ბიუჯეტის თანხების განკარგვა ხდებოდეს ყოველგვარი წესების და რეგულაციების გარეშე” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა დაადო ვეტო ამ კანონს და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მიუბრუნდება ვეტოს განხილვისას ერთხელ სიღრმისეულად იმსჯელებს, გაიაზრებს ყველა იმ რისკს, რომელსაც კანონპროექტი ქმნის და არ მიიღებს ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი, უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც მედიაგარემოს, ასევე ანტიკორუფციული ბრძოლის მიმართულებით.
მოტივირებულ შენიშნებთან დაკავშირებით ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0