აჭარის დელეგაცია ქალაქ ვროცლავის აფრიკარიუმის მუშაობას გაეცნო

23/02/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დელეგაციის წევრებთან ერთად ვროცლავის აფრიკარიუმი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სტრუქტურას და ტექნოლოგიას გაეცნენ, კერძოდ კი, აფრიკარიუმის მესვეურთაგან მოისმინეს ინფორმაცია ობიექტის წყალმომარაგების, წყლის გაწმენდის სისტემებისა და ხელოვნური მიკროკლიმატის შესახებ.

აფრიკარიუმი ქალაქ ვროცლავში 2014 წელს გაიხსნა და იგი ერთ-ერთი უნიკალურია ევროპაში. თითქმის ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე წარმოდგენილია აფრიკის კონტინენტის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. 4000-ზე მეტი მცენარე, ეგზოტიკური თევზების სახეობები და ზღვის ცხოველები, რომელთა ნახვაც სპეციალური ტერასებიდან და წყალქვეშა გვირაბებიდანაა შესაძლებელი. ოკეანერიუმი 19 აუზისგან შედგება. აქვე მოწყობილია ორი 8 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი. გარდა ამისა, აფრიკარიუმი აღჭურვილია საკონფერენციო და სასწავლო სივრცეებით, სადაც პერიოდულად იმართება სამეცნიერო ლექციები, შეხვედრები თუ ვორქშოპები.

აფრიკარიუმის მესვეურებმა გამოთქვეს მზადყოფნა ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისა ქართველი კოლეგებისადმი. უფრო მეტიც, აჭარის მზარდი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შეხვედრაზე პოლონურმა მხარემ საინვესტიციო პროექტის ბათუმში შესაძლო განხორციელების გეგმაზეც ისაუბრა. უკვე დაიგეგმა მათი ვიზიტი ჩვენს რეგიონში, რომლის ფარგლებშიც პოლონელი ინვესტორები ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0