აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

20/02/2018

აჭარის მთავრობაში, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და სხვა წევრები ესწრებოდნენ. შეხვერაზე ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონების შესახებ, ბათუმში დაგეგმილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამზადისზე, ბათუმის ესტაკადის მშენებლობასა და დროებითი შემოვლითი გზების მარშრუტებზე ისაუბრეს.
განიხილეს და იმსჯელეს შპს “გეოგრაფიკის“ მიერ წარმოდგენილი ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონების საზღვრების შესახებ. ასევე განაშენიანების ინტენსივობის K2 კოეფიციენტის უფლებამოსილების ქ. ბათუმის მერისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მინიჭების შუამდგომლობის ექსკლუზიური უფლება ამიერიდან ქალაქ ბათუმის მერიას ექნება.

„დღევანდელ შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი გაჟღერდა. პირველი, ეს იყო ქალაქის ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მთავრობის თავმჯდომარე სრულად იზიარებს ჩვენს პოზიციას იმის შესახებ, რომ შპს „გეოგრაფიკის“ მიერ შემოთავაზებული საზღვრები მისი მცირეოდენი კორექტირების შემდეგ ბათუმის საკრებულოზე გავიტანოთ დასამტკიცებლად. ვფიქრობ, ქალაქი და ზოგადად ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა გადადის აბსოლუტურად ახალ განზომილებაში, ეს არის ამ მიმართულებით გადადგმული ახალი ნაბიჯი. რაც შეეხება K2-ის გადმოსვლის საკითხს, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სერიოზული გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან. ეს გადაწყვეტილება უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ, მერიას. მე ვითხოვე გარკვეული პერიოდი, რათა ჩამოვყალიბდეთ თუ რა სისტემით, რა ინსტრუმენტებით უზრუნველვყოფთ უკვე მერიის შიგნით პროცესის განხორციელებასა და გამჭვირვალობას” – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

უახლოეს პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების თაობაზე იგეგმება საჯარო შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან.
დღევანდელ შეხვედრას, მერის ინიციატივით, წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებთან, სადაც მოწვეულები იყვნენ დარგის სპეციალისტები. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში არსებული მდგომარეობის ადგილზე დათვალიერება, შეფასება და განხილვა.
ბათუმში დაგეგმილი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქი და რეგიონი მიიღებს ორ ახალ სპორტულ სივრცეს – თანამედროვე სტანდარტების ყინულის სასახლესა და საერთაშორისო სტანდარტების საცურაო აუზს.
ბათუმის შემოსასვლელში მიმდინარე ესტაკადის მშენებლობა წინსწრებით მიმდინარეობს და ივნისის ბოლოს დასრულდება.
ესტაკადის მშენებლობის მასშტაბურობიდან გამომდინარე დაწესდა დროებითი შეზღუდვები საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით. მერიასთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგზაო მონიშვნების განთავსება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0