ბოლნისის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის სასმელი და საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდება

23/02/2017

იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის საგრანტო ხელშეკრულების საზეიმო ხელმოწერის ცერემონია გაიმართა საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში, რომელსაც იაპონიისა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, პროექტთან დაკავშირებული სამთავრობო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი, რომლის მიზანია ხელი შეეწყოს სოფელ ბოლნისში, ზემო ბოლნისში, ფოლადაურსა და სამწვერისში მცხოვრები მოსახლეობის ფართო ხელმისაწვდომლობას უსაფრთხო სასმელი და სარწყავი წყლისადმი, იაპონიის საელჩოს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“-მ წარუდგინა და 82 300 აშშ დოლარის ღირებულების გრანტიც მოიპოვა.
საგრანტო ხელშეკრულებას დღეს ხელი ტოშიო კაიტანიმ და არნოლდ სტეფანიანმა მოაწერეს.
პროექტი ითვალისწინებს სასმელი წყლის საწმენდი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ალტერნატიული საირიგაციო სისტემის მონტაჟს, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს ადგილობრივ მოსახლეობას, სარწყავი წლის უწყვეტი მომარაგებით. დამონტაჟება 2 300 მეტრი სიგრძის ახალი მილები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება 240 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მორწყვა, რაც სარგებელს მოუტანს აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებელ რამდენიმე ათას ადამიანს.
„გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც ინიცირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, გარემოს დაცვა, სიღარიბის დაძლევა და სხვა.
,,დღეს არის ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის მართლაც მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან ოფიციალურად მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას ხელი, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლების ბოლნისის, ზემო ბოლნისის, სამწევრისისა და ფოლადაურისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გულისხმობს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობასა და მოძრაობას ,,მრავალეთნიკური საქართველო“ ამ გადაწყვეტილებისთვის. ეს გახლავთ ბოლნისისთვის პირველი თანამშრომლობა იაპონურ მხარესთან და ძალიან გვახარებს ის ფაქტი რომ ჩვენი ურთიერთობების გადაკვეთა მოხდა ამ პროექტით. მჯერა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება, რაშიც მუნიციპალიტეტიც მიიღებს ფინანსურ წილობრივ მონაწილეობას. იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობები სამომავლოდაც გაგრძელდება”,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0