ბორჯომის ნახანძრალი ტერიტორიების მდგომარეობა წინასწარ შეფასდა

23/09/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ბორჯომის ნახანძრალი ტერიტორიები დაათვალიერეს.
აგვისტოს თვის შემდეგ ტერიტორიაზე როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ასევე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით უკვე განხორციელდა რამდენიმე მიმართულებით მდგომარეობის წინასწარი შეფასება, თუმცა, ნახანძრალი ტერიტორიის ზუსტი ფართობი, თითოეულ მონაკვეთზე დაზიანების კატეგორია, ტერიტორიაზე არსებული ნიადაგური, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მდგომარეობა და გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ დაზუსტებული მონაცემები ცნობილი დეტალური შესწავლის შემდეგ გახდება.
სამინისტროში სპეციალური კომისიის შექმნის პროცედურა უახლოეს დღეებში დასრულდება, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას სახელმწიფო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიღებენ, რაც სამინისტროს საშუალებას მისცემს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, კოორდინირებულად, თავიდან იქნას აცილებული გადაფარვები და რესურსების არამიზნობრივი ან ზედმეტად ხარჯვა.
კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები, ასევე სამოქმედო გეგმა ღიად იქნება განხილული ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
ბორჯომის ხეობაში ხანძარი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გაჩნდა, ხანძრის ქრობის პროცესი 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აეროფოტოსურათების დეშიფრირებით, წინასწარი მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰა-ს შეადგენს, საიდანაც 525 ჰა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0