ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერები არ შეინიშნება

24/09/2017

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის ახალი კერები არ შეინიშნება, ხოლო დაკვამლიანება საგრძნობლად არის შემცირებული. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, რთული რელიეფის მიუხედავად, კვლავ ინტენსიურად მუშაობენ. მიმდინარე სამუშაოებში, ასევე, ჩართულია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა – საქართველოს 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი. სპეციალურად შექმნილი საგანგებო შტაბი ხანძრის ქრობის პროცესს ადგილზე ხელმძღვანელობს. პერიოდულად, შტაბის წევრები, სტიქიის ზონაში არსებული ვითარების დეტალურად შესწავლისა და ხანძრის ქრობისთვის ეფექტური გეგმის დასახვა-გაუმჯობესების მიზნით, საკონტროლო შემოფრენებს ახორციელებენ. ტყის მასივის მიუვალ ადგილებში, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეუფერხებლად შესაყვანად, გზის გაჭრის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0