გაეროს კეთილი ნების ელჩების წარადგენა რუსთავის პარკში გაიმართა

25/09/2017

რუსთავის ცენტრალურ პარკში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, გლობალური მიზნების ფესტივალი ”მომავალი=შენ” ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა გაეროს კეთილი ნების ელჩები მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში: გელა ჩარკვიანი – მწერალი და პუბლიცისტი, ნინო სუხიშვილი – ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი და ირმა ხეცურიანი – მსოფლიო ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში წარადგინა. ღონისძიებას პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, რუსთავის მერის მოადგილე, დავით ლობჟანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღლაკელიძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. ფესტივალის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე, ასევე გაიმართა შეჯიბრებები თავისუფალი სტილით ცეკვასა და სკეიტბორდინში. გაეროს სააგენტოების მიერ წარმოდგენილი იყო კამპანიები: თამბაქოს მოხმარების უარყოფითი შედეგების შესახებ; გენდერული თანასწორობის, მიგრანტთა, ქალთა, შშმ ბავშვთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე. მოიხატა პარკში მდებარე ღია კინო-თეატრის შენობის კედლები, ორიგინალური კომპოზიციებით, მდგრადი განვითარების მიზნების ძირითად თემებზე: სიღარიბის აღმოფხვრა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0