დაბა კაზრეთში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტის გამგეობა დახმარებას გაუწევს

24/02/2017

დაბა კაზრეთში მცხოვრებ ელიზბარ ყაფლანიშვილის ბინას 22 თებერვალს, დაახლოებით 15 საათზე, ხანძარი გაუჩნდა. ხანძარი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ იქვე მდგომ ავტომობილსაც გადაედო. ძლიერი ხანძრის შედეგად მეზობლების კარ-ფანჯრებიც დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა , შსს-ს ბოლნისის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დაზარალებული ოჯახი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოინახულა. დავით შერაზადიშვილი ელიზბარ ყაფლანიშვილის ოჯახსა გაესაუბრა და დახმარება აღუთქვა. მატერიალური დახმარება დაზარალებულ მეზობლებსაც გაეწევათ.
,, დღეს ჩვენ მოვინახულეთ ხანძრის შედეგად დაზარალებული ელიზბარ ყაფლანიშვილის ოჯახი და ვუთანაგრძნობთ მათ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის მე-20 მუხლის თანახმად, 2016-2017 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახს დახმარება გაეწევა მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0