ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა პრეზიდენტის ინაუგურაცია არა დედაქალაქში ან პარლამენტში, არამედ რეგიონში ტარდება

14/12/2018

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მონაწილე გმირებიც დაესწრებიან და მათ პრეზიდენტი მიესალმება, – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. კახეთის გუბერნატორის თქმით, დარწმუნებულია, თელაველებს უხარიათ, რომ ქალაქს ასეთი პატივი ხვდა წილად.

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა პრეზიდენტის ინაუგურაცია არა დედაქალაქში ან პარლამენტში, არამედ რეგიონში ტარდება. დარწმუნებული ვარ, თელაველებს, მათი პოლიტიკური სიმპათიისა და ანტიპათიის მიუხედავად, უხარიათ, რომ თელავს ეს პატივი ერგო წილად და ქალაქი ემზადება ამ ღირსშესანიშნავი დღისთვის“, – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა.

ინაუგურაციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ძირითადად ტექნიკური ხასიათი სამუშაოებია დარჩენილი. მისი თქმით, ყველა მედიას საშუალებას ექნება, თანაბრად მიიღოს ინფორმაცია ინაუგურაციის დღეს. ამაზეც მუშაობენ სხვადასხვა სამსახურები. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.

„უამრავი ფაქტორია, დაწყებული უცხოელი მაღალი რანგის სტუმრებით, სახელმწიფოს მეთაურებისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების, ასევე ჯარის კომპონენტით და მთავარია, უსაფრთხოების ზომები სათანადოდ იყოს დაცული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0