ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო ფოლკლორის ფესტივალ „არტგენის“ გახსნის ცერემონიალს დაესწრო

21/06/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო ფოლკლორის ფესტივალ „არტგენის“ გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიების დაწყებამდე მახუნცეთში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნა. თანამედროვე მონუმენტი „სამშობლოს სადარაჯოზე“ ცეკვა „ხორუმის“ პერსონაჟის – მესაზღვრის ფიგურას განასახიერებს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას ეძღვნება.
გახსნის ღონისძიებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მათ წინაშე ფოლკლორული ნიმუშებით ქართული ფოლკლორის ფესტივალის „არტგენის“ მონაწილეები წარსდგნენ.
ფესტივალი „არტგენი“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, ტრადიციულ მუსიკალურ ოჯახებს, ხალხური შემოქმედების ანსამბლებს, ცალკეულ მომღერლებსა თუ მუსიკოსებს აერთიანებს. მასში აჭარიდან 18 შემოქმედებითი ჯგუფი მონაწილეობს.
როგორც ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსგავსი ფესტივალების ჩატარება აჭარის მაღალმთიანეთში ხელს უწყობს ერთის მხრივ ტურიზმის განვითარებას, მეორე მხრივ, ადგილობრივი კულტურის და თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რაც ყველაზე მეტად იზიდავს უცხოელ ვიზიტორებს ჩვენს ქვეყანაში.
ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ახალი მონუმენტის ავტორებსა და ფესტივალის ორგანიზატორებს.
„არტგენს“ 14 წლიანი ისტორიის მანძილზე, აჭარის მაღალმთიანეთი პირველად მასპინძლობს. რეგიონული ტურნესთვის ადგილების შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ტურისტულად საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილების გაცოცხლება და პოპულარიზაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0