თიანეთში განახლებად ენერგიებზე მომუშავე ენერგო სადგური აშენდება

20/07/2017

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი საქართველოს მთიან რეგიონებში“. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ბიომასის ასოციაციამ მიიღო დაფინანსება მერების შეთანხმების ხელმომწერ მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, თიანეთსა და დუშეთში, ბიომასის, როგორც განახლებადი საწვავის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული პროექტის განსახორციელებლად.პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ბიოსაწვავის, როგორც ტყისა და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან მიღებული ალტერნატიული და მდგრადი საწვავის გამოყენების პრომოციას; რეგიონის მასშტაბით ცნობიერების ამაღლებას და განახლებადი ენერგიების გამოყენების უპირატესობების წარმოჩენას მიმდინარე კლიმატის ცვლილების ეფექტის შესამცირებლად, ასევე ადგილობრივ დონეზე განახლებადი ენერგიების წარმოების გაზრდის სტიმულირებას. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბიომასის ასოციაციამ, პარტნიორებთან ერთად, უკვე დაიწყო თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის განახლებად ენერგიებზე (ბიომასა, მზე და ჰიდროენერგია) მომუშავე 30 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიბრიდული ენერგო სადგურის განხორციელებადობის წინასწარი შესწავლა. ამავდროულად პროექტით გათვალისწინებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროსკარში მდებარე სასკოლო პანსიონის აღჭურვა ავტომატური რეჟიმის ბიომასაზე მომუშავე მიკროთბოსადგურით. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ბიომასის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაალ ხელაძემ, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან ერთად, საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია თიანეთისა და დუშეთის მუნიციპლიტეტებში დაგეგმილი აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს თიანელი მოსწავლეების მიერ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მხარდაჭერით შექმნილი ეკო ნამუშევრები. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, მთავრობის, საერთაშორისო, არასამთვრობო ორგანიზაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს და ააიპების თანამშრომლები. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გააფორმეს თიანეთის კულტურის სახლთან არსებული საესტრადო წრის მოსწავლეებმა: ნინი ჩიბურიძემ, ერეკლე ფოლადიშვილმა და მარიამ მოსიძემ (ხელმძღვანელი ქეთევან შარმიაშვილი).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0