თხილის მავნებლის ბაღლინჯოს წინააღმდეგ ბრძოლა იწყება

23/01/2017

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული თხილის მავნებელის – ბაღლინჯოს წინააღმდეგ ბრძოლის მოსამზადებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე თხილის მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განიხილეს და წარმოადგინეს პირველადი გეგმა – რეკომენდაციები. აღინიშნა, რომ რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად განხორციელდება. დაისვა საკითხი ბრძოლის ღონისძიებების შესახებ, რომელიც მოიცავს: • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება (ბუკლეტების დარიგება, სატელევიზიო კლიპი); • მონიტორინგი (სად, რომელ სოფელშია გავრცელებული); • მენეჯმენტი (1,5 ჰა ნაკლები მიწის ნაკვეთის მქონე მოსახლეობის აღრიცხვა, ტექნიკის რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც საჭირო იქნება ამ ამოცანისათვის, მობულური ჯგუფების ტრენინგი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით). შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები გიორგი იაკობაშვილი, ზურაბ ლიპარტია, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები. „ახალი მავნებელის წინააღმდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს. შემუშავდება ერთობლივი გეგმა, რომელიც მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. კომპლექსური ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რათა ფერმერებმა ამ კუთხით ნაკლები დანაკარგი ნახონ“- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გია სალუქვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0