ინგა შამილიშვილი მინისტრის რანგში ქედას პირველად სტუმრობდა

23/01/2017

აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი დღეს ქედას სტუმრობდა. მინისტრმა ქედის რესურსცენტრის, საჯარო სკოლებისა და გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფ კულტურული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა, როელსაც მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრის პირველი ნაწილი სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალს დაეთმო – ახალმა მინისტრმა მოადგილესთან, სულიკო თებიძესთან ერთად, ქედის საჯარო სკოლების 11 საქმისმწარმოებელსა და 15 ბიბლიოთეკარს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგ-კურსები, სერთიფიკატები გადასცა. მეორე ნაწილი სკოლის დირექტორებთან შეხვედრით შემოიფარგლა – ინგა შამილიშვილი სკოლებში არსებულ ვითარებას თავად დირექტორებისაგან ისმენდა. სულიკო თებიძემ განსაკუთრებულად გვერდში დგომისა და ყურადღებისთვის ქედის თვითმმართველობას მადლობა გადაუხადა. ისაუბრეს ერთობლივად განსახორციელებელ გეგმებსა და პროექტებზე. დირექტორებმა კი მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი თავად სამინისტროს წარმომადგენლებისგან მიიღეს. შეხვედრის დასასრულს, მინისტრი ქედის ისტორიული მუზეუმის, კულტურის ცენტრის, სახელოვნებო სკოლისა და გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებისგანაც განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. საჩუქრად კი ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა”-ს აუდიო დისკი გადაეცა. შეხვედრა განსაკუთრებულად თბილ გარემოში წარიმართა. თვითმმართველობამ და სამინისტრომ ერთობლივად არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივები ჩანიშნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0