კომისიის გადაწყვეტილებით, თითოეულ ოჯახს გამოეყოფა საამშენებლო მასალა არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით

15/02/2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამის ფარგლებში წარდგენილი განცხადებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა, რომელთა შემადგენლობაში კომისიის თავმჯდომარე – სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის და საკრებულოს წევრები არიან, განიხილეს კომისიის მიერ შესწავლილი განცხადებები და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადასაცემი საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციოდ საამშენებლო მასალების რაოდენობა დააზუსტეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, თითოეულ ოჯახს გამოეყოფა საამშენებლო მასალა არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით.
მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოყოფილი საამშენებლო მასალების გადაცემა გახორციელდება მიღება-ჩაბარების აქტით.
პროგრამის ფარგლებში გადასაცემი საამშენებლო მასალა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე იქნება შეძენილი. პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 100 000 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 70 სოციალურად დაუცველი მოქალაქის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0