ლევან დავითაშვილი მესტიაში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო

28/07/2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსთან, სოზარ სუბართან ერთად, მესტიაში სტიქიის შედეგებს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან და ჰიდროლოგებთან ერთად, მურყვანის ხეობა და მყინვარებზე არსებული ვითარება ვერტმფრენიდან დაათვალიერა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, არსებული სიტუაციის დეტალურად შესწავლის მიზნით, ხეობაში სტიქიის პირველივე წუთებიდან იმყოფებიან.ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის პროცესის განმეორების რისკი ნაკლებია იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი გვალვა ან უხვი ნალექი არ გაგრძელდება. ასევე აღსანიშნავია, რომ სარისკო შეგუბება არსად არ ფიქსირდება. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გადარჩენილია; თუმცა აღსანიშნავია, რომ ჰესმა შემაკავებელი ეფექტი მოხდინა და სტიქიის მასშტაბები დიდწილად შეამცირა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია ექსპერტული დასკვნები და შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან რეკომენდაციები. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ცნობით, სპეციალისტების მიერ ხეობის დეტალური დათვალიერების და დრონით გადაღებული მასალის გაანალიზების შედეგად, უახლოეს დღეებში, მომზადდება დასკვნა და გაიცემა რეკომენდაციები, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყონებლივ გადაეცემა.

„სტიქიის შედეგად, ყველაზე მძიმე დარტყმა ჰესის ინფრასტრუქტურამ განიცადა; თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ დარტყმამ, ფაქტობრივად, გადაარჩინა მესტია დიდ ზარალს. ზარალის დათვლა ამ დროისათვის მიმდინარეობს. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა მნიშვნლოვანია; ეტაპობრივად აღნიშნული პროექტი საქართველოს მთელს ტერიტორიას დაფარავს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0