“მაჭახლობა – 2017” გაიმართა

25/09/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს ,,მაჭახელობა“ დაესწრო და ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული მიულოცა. ,,ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული – მაჭახელობა. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო დღევანდელი დღე. მეორედ მომეცა საშუალება ყველა თქვენგანს მივულოცო ნამდვილად ულამაზესი დღესასწაული. ეს არის ჩვენი ზეიმი. ჩვენ გვჭირდება გავაძლიეროთ მაღალმთიანი ჩვენი მოსახლეობა დაწყებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან ზევით, მაღალმთიან აჭარაში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან, სალიბაურიდან პირველ ეტაპზე ხიჭაურის მიმართულებით იწყება გზის გაზის მილის მშენებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც არის წარმატების გზა და განვითარების გზა“-აღნიშნა მილოცვაში ზურაბ პატარაძემ. დღესასწაულის ფარგლებში ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო ყველა სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშები, გაიმართა ადგილობრივი რეწვის დემონსტრირება და კულინარიული ნაწარმის დამზადება და დაგემოვნება. ასევე, მოეწყო სპორტული აქტივობები და სასცენო წარმოდგენები, რომლებიც ხეობისთვის დამახასიათებელ კულტურას, ეთნოგრაფიას და ტრადიციებს ასახავს. ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების შესრულებით გაიმართა კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ საპატიო სტუმარი და საპატიო მაჭახელელი დააჯილდოვეს. ხეობის „საპატიო სტუმრებად“ წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დასახელდნენ, ხოლო „საპატიო მაჭახლელის“ წოდება ღვაწლმოსილ პედაგოგს ნოდარ კოპინაძეს მიანიჭეს. სახალხო ზეიმი 2007 წლიდან იმართება მაჭახელას ხეობის სხვადასხვა სოფლებში, რაც მიზნად ისახავს თურქეთისა და საქართველოს მაჭახელას სოფლების მოსახლეობის შეხვედრას, საპატიო მაჭახელელის და საპატიო სტუმრების გამოვლენას. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0