მოსამართლე – ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, ეს არ არის თხოვნა, ეს არის მოთხოვნა

17/09/2015

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე პოლიტიკოსებისგან, მედიისგან და სრულიად საზოგადოებისგან მოითხოვს, რომ თავი შეიკავონ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ამ თემაზე საუბრისგან. აღნიშნული მოთხოვნა მოსამართლემ “იმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე მას შემდეგ დააყენა, რაც გიგი უგულავამ წაიკითხა გია ვოლსკის სტატუსი, რომლის მიხედვით, ვოლსკისთვის ცნობილი იყო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც დღეს დადგებოდა უგულავასა და კეზერაშვილის საქმეზე. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ამ ტიპის შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ვნებს არა მხოლოდ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, არამედ მართლმსაჯულების ინტერესს.
“სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა სხვისთვის ცნობილი, გარდა ჩემი პერსონისა. ყველას მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ეს არ არის თხოვნა, ეს არის მოთხოვნა”, – განაცხადა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ. ამ დროისათვის უგულავასა და კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეზე შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც ცნობილი გახდება მოსამართლის გადაწყვეტილება გიგი უგულავას შუამდგომლობაზე, სადაც უგულავამ დღევანდელი სხდომის გადადება მოითხოვა.

sasamartloprocesi

Tweet about this on TwitterShare on Facebook0