მცხეთასა და ლევილის მუნიციპალიტეტს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა

29/05/2017

ქალაქ მცხეთაში, რესტორან „გუჯარში“, ქალაქ მცხეთასა და ლევილის მუნიციპალიტეტს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება დაიგეგმა 26 მაისის დამოუკიდებლობისა და 27 მაისის დიასპორის ტრადიციული დღეების ღონისძიებების ფარგლებში. რეგიონის მხრიდან მემორანდუმს ხელი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ბატონმა გოჩა ზეიკიძემ და ქალაქ მცხეთის მერმა ბატონმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ მოაწერეს. ფრანგულ მხარეს ლევილის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირი საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებში, ლევილის ყოფილი მერი ბატონი დანიელ ესპრენი წარმოადგენდა. პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ღონისძიების შესახებ ინფორმირებულია საფრანგეთის საელჩო საქართველოში.
მცხეთასა და ლევილს შორის დაძმობილების პირველი მემორანდუმი 2001 წელს გაფორმდა, მაგრამ საქართველოში მიმდინარე საკადრო ცვლილებებისა და პოლიტიკური პროცესების გამო, დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ვერ მოხერხდა. ამჟამინდელი ღონისძიება 2001 წელს დაწყებული პროცესის აღდგენა-განახლებას და კულტურული ურთიერთობების ინტენსიფიკაციას ისახავს მიზნად. მემორანდუმით გათვალისწინებულია მხარეების მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი იუბილის აღნიშვნასა და ფრანგულ-ქართული კულტურის დღეების მე-15 ღონისძიებაში.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველ ხალხთან მეგობრობის და კულტურის ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტი და ლევილის მართვის საბჭოს წევრი ბატონი ტიერი ბერიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ზვიად გონაძე და სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0