მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარჩინებულ ახალგაზრდებს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ

22/10/2019

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 54 წარჩინებული მოსწავლე, პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა. ახალგაზრდებს კომპიუტერები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადასცეს.

„მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც მოსწავლეებისა და სტუდენტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. უდავოა, რომ ქვეყნის სიძლიერის მთავარ საყრდენს სწორედ განათლებული თაობები წარმოადგენენ. მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფოს ყველა შესაბამის უწყებას, რომლებიც აქტიურად მუშაობენ, რათა ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები წაახალისონ და მათ ხარისხიანი განათლების მისაღებად შესაბამისი პირობები შეუქმნან“ – აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

პროექტი „ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, კომპიუტერი ყველა იმ მოსწავლეს გადაეცემა, რომლის შეფასება საბაზო საფეხურზე, დამრგვალების გარეშე, 10 ქულას შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0