ნინო ვიბლიანი, მესტიაში, არსებულ ვითარებას გაეცნო

26/07/2019

ესტიაში, სტიქიის ზონაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და აპარატის უფროსი ლევან წულაია არსებულ ვითარებას გაეცნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით 25 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქია მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული.
უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, მდ. მესტია-ჭალის ხეობაში, კერძოდ მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა, რომლის გარღვევის შედეგადაც მდ. მესტია-ჭალის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა, წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში. რომელმაც დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები და რამდენიმე ავტომანქანა.
ასევე დაზიანებულია წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალი, რომლის აღდგენითი სამუშაოები მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ორ დღიან ვადაში დასრულდება.
სტიქიის შედეგად, მდინარის მეორე მხარეს დარჩენილი ტურისტების გამოყვანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ წუხელვე, დროულად მოხდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი მესტია-ჭალის ხეობაში იმყოფება, მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა, მომზადდება რეკომენდაციები შესაბამისი დამცავი ღონისძიებების გასატარებლად. ამ ეტაპზე სპეციალისტების განმარტებით აღინიშნება მდ. მესტია-ჭალის წყლის დონის კლება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0