ნიჩბისს ახალი დაწესებულებები შეემატება

23/01/2017

სოფელ ნიჩბისში მალე ფუნქციონირებას დაიწყებს საბავშო ბაღი და სპორტული დარბაზი, რომელთა რეაბილიტაციაც სოფლის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აქტიური მხარდაჭერით, 2016 წელის ბოლოს დასრულდა. პროექტის ფარგლებში შპს ,,მშენკომპლექსმა“ (დირექტორი ე. ტატუნაშვილი) სპორტული დარბაზისა და საბავშვო ბაღის აღდგენითი სამუშაოები 103 468 ლარის ღირებულების ფარგლებში ჩაატარა. დარბაზი თანამედროვე მოწყობილობებით, ინვენტარით, გასახდელებით აღიჭურვა. სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხებით შეძენილია საჭიდაო ტატამი და ტრენაჟორები. აქ ყველა პირობაა შექმნილი, რათა სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სპორტის რამდენიმე სახეობა ხელმისაწვდომი გახდეს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. უახლეს დღეებში იგეგმება ცენტრალური გათბობის დამონტაჟება, რის შემდეგაც დარბაზი (ა)აიპ თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებას გადაეცემა ფუნქციონირებისთვის. აღსანიშნავია, რომ სოფელ ნიჩბისში გაზის დაქსელვითი სამუშაოები დასრულებულია და მოსახლეობის განცხადებების საუძველზე მიმდინარეობს ინდივიდუალური გაზმომარაგების სამუშაოების საწყისი ეტაპი. უახლოეს დღეებში ცენტრალური გათბობის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყება ნიჩბისის საბავშვო ბაღშიც, რომელსაც გასულ წელს კიდევ ერთი ჯგუფისთვის დამატებით ფართზე სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ბაღი ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, თვის ბოლოდან განაახლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0