ოზურგეთსა და ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

18/08/2018

გურიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას და არსებული ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისიტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მათ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. მინისტრის მოადგილემ და გუბერნატორმა მოსახლეობისგან პირადად მოისმინეს ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. ფერმერები თხილის დაბალი ხარისხის მოსავალს უჩივიან, რაც, ძირითადად, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების შედეგია. გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა, კვლავ პრობლემაა მოსახლეობის მიერ აქტიური ჩართულობა და მათ მიერ სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.

„გურიაში შეხვედრები გვქონდა მოსახლეობასთან. ასეთი შეხვედრებით ვიგებთ, რომ აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი სამთავრობო პროგრამა წარმატებით მოქმედებს. მნიშვნელოვნადაა შემცირებული მავნებლის პოპულაცია და გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. შეხვედრებზე დაისვა მწვავე შეკითხვებიც. გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა ჩაატარა აგროღონისძიებები სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ. შესაბამისად, მათ მიიღეს ძალიან კარგი მოსავალი; სამწუხაროდ, დიდმა ნაწილმა არ გაიზიარა სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები. მოსახლეობის ამ ნაწილს წელს მოსავალი გაუფუჭდა. ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, აუცილებელია მოსახლეობამ გააცნობიეროს საკუთარი ჩართულობის მნიშვნელობა და სამომავლოდ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვით განახორციელონ აგროღონისძიებები. მნივნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებების მხრიდან იყო მცდელობა ფაროსანასთან ბრძოლის საკითხების განხილვა პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო. ისინი საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან; აღნიშნული ინფორმაციები, გადამოწმების შემდეგ, არ დასტურდა. უნდა ითქვას, რომ მიწოდებული ცრუ ინფორმაციის გამო, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არ შეწამლა პლანტაციები და ყანები, არ მოუარა მოსავალს და, შესაბამისად, დაზარალდა“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0