ოზურგეთში დასუფთავების აქცია გაიმართა

23/03/2017

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ახალგაზრდებთან ერთად მიიღეს. მათ ლიხაურში აჭის წყლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. დასუფთავების აქცია პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით. 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას. პროექტ ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში დაწყებული ახალი კამპანია „ლურჯი ნაკადული“ მდინარეებისა და წყალსატევების ნაპირების დასუფთავებაზეა ორიენტირებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0