პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა

12/02/2018

ბიუროს სხდომაზე 21-23 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები გააცნო.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მომდევნო სასესიო კვირაში, კანონმდებლები 50-მდე კანონპროექტზე იმსჯელებენ. ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ, ხოლო ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს.
სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ „აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლიზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვალის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის საკითხი დააყენა.
მისი განცხადებით, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასურველია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მსჯელობა გაიმართოს. ოპოზიციონერი დეპუტატის წინადადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

„მომდევნო კვირაში თქვენი მხრიდან თუ იქნება ამ საკითხის გამოტანის სურვილი, ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული საკითხის გატანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0