პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 2017 წლის 20-22 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს

11/09/2017

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 2017 წლის 20-22 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს.
დღევანდელ სხდომაზე ბიურომ განიხილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის წარდგინება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ.
რეგლამენტის თანახმად, აღნიშნული კანდიდატურა განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტი გენერალური აუდიტორის კანდიდატურაზე მიმდინარე კვირაში კომიტეტის სხდომის ფორმატში იმსჯელებს.
სასესიო კვირის განმავლობაში პარლამენტი ოცამდე საკითხს განიხილავს. მათ შორის არის პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები და პარლამენტის დადგენილების პროექტები.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი საქართველოს მთავრობის ინიციატივას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილავს.
წარმოდგენილი ცვლილებით კანონის პრეამბულიდან ხდება ტერმინის – „საპენსიო პაკეტი“ ამოღება. პენსიის განმარტება ზუსტდება. პროექტის მიხედვით, ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობის ნაცვლად, პენსია არის პირისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული მხოლოდ ყოველთვიური ფულადი სარგებელი. შესაბამისი მიზნებისათვის იქმნება და კომპეტენტურ ორგანოდ განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს და შესაბამის ღონისძიებებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი განახორციელებს. გარდა ამისა, პენსიის შეჩერების საფუძვლებს ასევე ემატება სხვა საფუძველი, თუ იგი გამომდინარეობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან.
პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საქართველოს კანონის პროექტებს: „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილავენ.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პირველი მოსმენით გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა.
ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს და მათი შემდგომი განხილვის პროცედურები განსაზღვრეს. ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0