პრემიერ-მინისტრი ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ერთვება

04/04/2020

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოც ერთვება, – საავადმყოფოს აღჭურვის პროცესს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გაეცნო. სამედიცინო დაწესებულებას უკვე გადაეცა 9 ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რაც მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ აუცილებელია. საავადმყოფო სამედიცინო აპარატურით და საწოლებით უახლოეს დღეებში აღიჭურვება და სრულად იქნება მზად პაციენტების მისაღებად. ახალი კლინიკის სრული აღჭურვა აპრილის ბოლომდე დასრულდება და ის ერთდროულად 170-მდე პაციენტის მომსახურებას შეძლებს. საავადმყოფო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს მძიმე პაციენტებს ყველა მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებობს მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, ვირუსის მართვისა და კონტროლისთვის. აჭარის რეგიონში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად 4 კლინიკაა მობილიზებული. საქართველოს მასშტაბით კი – 63, რომელთაგან 32 სამედიცინო დაწესებულება პროგრამაში ეტაპობრივად, უშუალოდ კორონავირუსის განვითარების დინამიკის შესაბამისად ჩაერთვება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0