რეგიონებში ჰაერში ტვყვიის შემცველობის მონიტორინგი გრძელდება

22/04/2019

საქართველოს რეგიონებში ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგისა და ზედაპირულ წყალში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის კვლევების არეალი იზრდება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს.
სპეციალისტები ამჯერად დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ზესტაფონში N მე-7ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის სინჯები აიღეს. ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით განხორციელდა. აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის კი გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა და მიღებული შედეგები უახლოეს დღეებში ეცნობება საზოგადოებას.
გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაბინძურების მონიტორინგს თბილისსა და რეგიონებში აგრძელებს. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით შერჩეულ ლოკაციებზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯების აღება განხორციელდება. კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0