რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ონიანი აირჩიეს

20/11/2017

რუსთავში, დღეს, მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას რუსთავის #20 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური ესწრებოდა, რომელმაც 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი წაიკითხა და დამსწრეებს რუსთავში ჩატარებული არჩევნების შედეგები გააცნო. ამის შემდეგ, მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა უხუცესმა დეპუტატმა გურამ ფირცხალაიშვილმა გახსნა.
საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ,
დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ლევან ონიანი, თავმჯდომარის მოადგილეებად კი, ასევე, ,,ქართული ოცნების“ დეპუტატები ნინო ქავთარაძე და დავით რეხვიაშვილი აირჩიეს.
დღევანდელ სხდომაზევე, დეპუტატებმა საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებიც აირჩიეს.
რუსთავის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას ქალაქის ახლადარჩეული მერი ირაკლი ტაბაღუა და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე დაესწრნენ.
ირაკლი ტაბაღუამ დეპუტატებს უფლებამოსილების შესრულების დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
რუსთავის საკრებულოს ოცდახუთკაციანი შემადგენლობიდან 10 წევრი მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული სისტემითაა წარმოდგენილი.
მმართველმა პარტიამ 18 მანდატი მოიპოვა, ააქედან 10 – მაჟორიტარული, ხოლო 8 – პროპორციული სისტემით, დანარჩენი 7 მანდატი ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: 3 მანდატი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2 მანდატი – „ბაქარაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“, ხოლო თითო მანდატი მოიპოვეს „დავით თარხან‐მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” და „შალვა ნათელაშვილი– ლეიბორისტულმა პარტიამ“.
რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენების შედეგად 4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0