საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე მედია კოალიციის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს პრეზიდენტი განიხილავს

12/01/2018

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი “მაუწყებლობის შესახებ კანონში” პარლამენტის მიერ ახლადმიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრის ინიციატივა კოალიციამ რამდენიმე დღის წინ გამოთქვა და საქართველოს პრეზიდენტის ახლადდანიშნულ საპარლამენტო მდივანს ანა ნაცვლიშვილს ჯერ კიდევ ხელმოუწერელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა სთხოვა.
პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ნატა ძველიშვილი, ნათია კუპრაშვილი, ზვიად ქორიძე, ხათუნა ჯინჯიხაძე და სალომე ცეცხლაძე, ანანო ცინცაბაძე.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე გამოითქვა საკმაოდ დასაბუთებული, გარკვეული მოსაზრებები – რა პრობლემას შეიცავს აღნიშნული კანონი და ეს ყველა საკითხი იქნება განხილული პრეზიდენტთან, სწორედ ამ განსჯის საფუძველზე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.
“15 იანვარს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და გამოაცხადებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” კანონთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო ეს შეხვედრა მედია კოალიციასთან. მათ გამოხატეს შეხვედრის სურვილი და ბუნებრივია, ჩვენ ღია ვართ ამგვარი კომუნიკაციისათვის, როგორც ამ, ასევე სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან თუ სხვა დაინტერესებულ უწყებებთან.
ასე რომ, თუ იქნება ასევე დამატებითი ინტერესი სხვა ჯგუფებში, ამ თუ სხვა კანონთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ღია ვართ, რომ მსგავსი შეხვედრები სამუშაო პროცესის ფარგლებში გავმართოთ”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის 2011 წლის აპრილში შეიქმნა და მისი მიზანია ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მედია მფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვა.
კოალიციის წევრი ორგანიზაციებია:ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოებისათვის“; საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია; რეგიონული მაუწყებლების ქსელი; ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია; მედიაკლუბი; ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0