საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

19/09/2018

18 სექტემბერს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების მერებისგან მოისმინა ინფორმაცია მათ სამოქმედო ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ. თითოეულ მუნიციპალიტეტში მოხდა პრობლემური პროექტების იდენტიფიცირება, სადაც ადგილი აქვს სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილებას ან არასათანადოდ შესრულებას და დაისახა ღონისძიებები, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ჩართულობით, მათ აღმოსაფხვრელად. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხების ეფექტურად გადაჭრის მიზნით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ შესაბამისი უწყებების მაქსიმალური და დროული ჩართულობა.
ყურადღება გამახვილდა ტურისტულ ზონებში მიწების დარეგისტრირების საკითხზე. კერძოდ, გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების მერებს თხოვნით მიმართა, ტურისტული ზონების შემდგომი განვითარების და არსებული რესურსის სწორად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, მათ სამოქმედო ტერიტორიებზე თვალყური ადევნონ მიწების რეგისტრაციისა და შემდგომი ექსპლუატაციის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ზემოაღნიშნული ზონების ქაოტური და არაგეგმიური განაშენიანება.
სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მომდევნო წლის სამოქმედო გეგმებში წყლის სათავე ნაგებობების კეთილმოწყობა პრიორიტეტულ პროექტებად განისაზღვროს.
თათბირზე მოისმინეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შესრულების, სოციალური პროგრამების მიმდინარეობისა და ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯვების შესახებ, ასევე მოახლოებული რთველის ორგანიზების და მისი შეუფერხებლად წარმართვისათვის გასატარებელ ღონისძიებებზე.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, მოადგილეები, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0