სამეგრელოში პრეპარატების დარიგება დაიწყო

24/09/2017

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობისთვის პრეპარატების და ფერომონების (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) გადაცემა მიმდინარეობს. შესაწამლი პრეპარატები 95 911 ოჯახს გადაეცემა. თითოეულ ოჯახზე თითო ლიტრი პრეპარატი და ფერომონია გათვალისწინებული. პრეპარატების გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას საინფორმაციო მასალებიც მიეწოდება. მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს სადაც მავნებელია გავრცელებული. სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრეპარატების გადაცემის პროცესს დაესწრნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია. გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა იმ ღონისძიებების მნიშვნელობა, რომლებიც მავნებლის საწინააღმდეგოდ სახელმწიფომ გაატარა თუმცა მავნებელთან ბრძოლა იმ ეტაპზე გადადის როცა მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა. რეგიონის მუნიციპალიტეტებს პრეპარატები ეტაპობრივად გადაეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0