სამინისტროში სოფლის მეურნეობის, გარემოს და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმა განიხილეს

18/02/2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობის, გარემოს და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმა განიხილეს. სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმოამადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობის, გარემოს და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის (SPAERS) მიმდინარეობა გააცნეს და ახალი ტექნიკური დახმარების პროექტის კონცეფცია წარუდგინეს. ახალი პროექტის მიზანია საქართველოში სტატისტიკური სისტემის განვითარება, საიმედო და ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება. პროექტი ხელს შეუწყობს SPAERS-ის ეფექტიან განხორციელებას და პროექტში ჩართული სამი უწყების შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში თითოეული უწყებისთვის მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის წარმოების სრულყოფაზე იქნება ორიენტირებული.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სწორი პოლიტიკის წარმოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტი და მაღალი ხარისხის სტატისტიკის არსებობას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის კუთხით აქტიურად ითანამშრომლებს პროექტში ჩართულ ყველა უწყებასთან, რაც სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გრიგალავას განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროსათვის მინიშნელოვანია სანდო და ობიექტური გარემოსდაცვითი სტატისტიკური მონაცემების და ინფორმაციის არსებობა, რაც ხელს შეუწყობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას. შესაბამისად, მისასალმებელია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ახალ ინიციატივა გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სტატისტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი დაუშვილმა აღნიშნა, ,,საქსტატს“ გაწერილი აქვს შესასრულებელი ამოცანების გეგმა. ამ ეტაპზე, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ის, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა კვლევების რაოდენობა და დაგეგმილია, რომ მომავალი წლიდან კვლევები ელექტრონული საშუალებებით ჩატარდეს.
როგორც შეხვედრაზე FAO-ს საქართველოში მამუკა მესხმა აღნიშნა, SPAERS დოკუმენტი FAO-ს გლობალური სტრატეგიის ნაწილია და საქართველო შეირჩა როგორც საპილოტე ქვეყანა SPAERS-ის მომზადება-განხორციელებისთვის.
,,SPAERS-ი FAO-ს ტექნიკური დახმარებით მომზადდა და მისი განხორციელების პროცესის ხელშეწყობა FAO-ს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ ვცდილობთ ამ პროექტისთვის გარე რესურსების მობილიზებას და ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვებას“, – განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0