უამინდობის გამო სახალხო დღესასწაული “მაჭახლობა” გადაიდო

23/09/2017

უამინდობის გამო სახალხო დღესასწაული “მაჭახლობა” გადაიდო და გაიმართება მიმდინარე წლის 25 სექტმებერს.
2017 წლის 25 სექტემბერს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში ადგილობრივი
თვითმართველობის ორგანიზებით ტარდება მაჭახელის ხეობის დღესასწაული – „მაჭახლობა 2017“.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია და შავი ზღვის ეკოაკადემია, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
მაჭახლობის აღნიშვნას არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი და იგი ხეობის მკვიდრი მოსახლეობის მთის საზაფხულო საძოვრებიდან ბარში დაბრუნებასთან არის დაკავშირებული.
ტრადიციულად დღესასწაული ხეობის ქართული მხარის სხვადასხვა სოფელში აღინიშნება, ხოლო თურქული მხარის მაცხოვრებლები ზეიმს უერთდებიან. 2017 წელს მაჭახლობას ხეობის ულამაზესი სოფელი სინდიეთი უმასპინძლებს.
ღონისძიება გააერთიანებს ოფიციალურ და არაფორმალურ ნაწილს. მდინარის პირას განლაგებულ 3000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე წარმოდგენილი სპორტული აქტივობები, გამოფენა-გაყიდვები და სასცენო წარმოდგენები ასახავს ხეობისთვის დამახასიათებელ კულტურას, ეთნოგრაფიას და ტრადიციებს. ასევე ღონისძიებაზე მოხდება საპატიო სტუმრის და საპატიო მაჭახლელის დაჯილდოება. ადგილზე შესაძლებელი იქნება ტრადიციული კერძების დაგემოვნება, ადგილობრივი პროდუქციის შეძენა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების პროცესის ნახვა. ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოწყობილი იქნება საბავშვო გასართობი კუთხე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0