ქობულეთში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

26/05/2017

ქობულეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. მუნიციპლიტეტის ხელმძღვანელებმა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს. დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა სპორტული შეჯიბრებები, რომელიც სასპორტო სკოლაში გაიმართა. ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი გოგონათა შორის მინი ფეხბურთში. ტურნირის გამარჯვებული ხობის ნაკრები გუნდი გახდა. სპორტულ შეჯიბრში საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებსა და სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ სპორტსმენებს მუნიციპალიტეტისაგან თასები, მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ქობულეთის საბავშვო ბაღების ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხე ტრადიციული სამზარეულოთი და ფოლკლორით იყო წარმოდგენილი. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ქობულეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ზღვისპირა პარკში მთელი დღის განმავლობაში პატარებისთვის საბავშვო ატრაქციონები უფასო იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0