ქობულეთში საზაფხულო სეზონი გაიხსნა

25/06/2018

ქობულეთში საზაფხულო სეზონი გაიხსნა. მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით წელს ზაფხულის სეზონის ოფიციალური გახსნა კინტრიშის ხეობიდან დაიგეგმა.
სოფელ ცხემვანში კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმოდ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები, შემეცნებითი და სპორტული ტურები, დეკორატიულად მოწყობილი მოსასვენებელი კუთხეები, გემოვნებიანი მუსიკა მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა. მათ მეგზურობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უწევდნენ.

„მაქსიმალურად შევეცადეთ დღევანდელი დღე „სასწაულად“ გვექცია და ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა ტურისტებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ამ ხეობის მკვიდრთათვის… ვფიქრობ გამოგვივიდა. გვინდა ეს ფესტივალი სამომავლოდ ტრადიციად იქცეს, რაც ხელს შეუწყობს კინტრიშის ხეობის პოპულარიზაციას და მის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას. გვინდა ჩვენი მიზანი რეალობად ვაქციოთ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“ – აღნიშნა მერმა.

კინტრიშის ხეობას სტუმრობდნენ ასევე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, გიდები, ფოტოგრაფები, ბლოგერები და უცხოელი ტურისტები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობაში. მათ დაათვალიერეს თაღონალი ხიდები, ცხემვანის წმინდა გიორგისა და ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრები, უძველესი ქვევრები, ჩანჩქერი და კინტრიშის ხეობის ულამაზესი ბუნება, დააგემოვნეს ქართული სამზარეულო ნაწარმი, მუზეუმის ეთნოგრაფიულ კუთხესთან გაეცნენ ქობულეთის ისტორიას და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მასტერკლასებში.
დღის მეორე ნახევარში გამოვლინდნენ სხვადასხვა შეჯიბრში გამარჯვებულები. ველო შეჯიბრში, მაგიდის ჩოგბურთში, ნარდსა და ფრენბურთში გამარჯვებულებისთვის დაწესდა სპეციალური პრიზი. მათ კინტრიშის ხეობა ვერტმფრენით დაათვალიერეს, ხოლო ცეკვაში გამარჯვებულ წყვილს სასტუმრო „ოაზისმა“ სასტუმროში ორ დღიანი დასვენება შესთავაზა. მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეებისათვის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად გურამ თამაზაშვილის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მხედრული“ და მსახიობი და ტელეწამყვანი კახა მიქიაშვილი ზრუნავდნენ.
დღის ბოლოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ფესტივალის მონაწილეთა წინაშე ეთნო ჯაზ-ბენდი „სტუმრები“ მუსიკალური პერფორმანსებით წარსდგა. საღამო გვიან ღამემდე გაგრძელდა.
კინტრიშის ხეობაში საზაფხულო ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. ღონისძიება ქობულეთის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0