ქობულეთში 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

21/11/2017

დღეს ქობულეთის კულტურის სახლში 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ხელმძღვანელობდა. ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებას ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ გააცნო.
მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გეგმა 25 656 100 ლარითაა წარმოდგენილი, მათ შორის გათანაბრებითი ტრანსფერი 6 396 400 ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალური – 13 000 000 ლარს. სამომავლოდ მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ჯანდაცვის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება იქნება, ასევე თანხები განათლების, კულტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებზე გადანაწილდება.
„ჩვენი მთავარი მიზანია ქობულეთი მიმზიდველ ტურისტულ ქალაქად ვაქციოთ. მიზნის მისაღწევად ცენტრალური ზონების განვითარების პარალელურად ყურადღებას დავუთმობთ პერიფერიული ზონების კეთილმოწყობასაც. ასევე მინდა დავაანონსო, რომ მომდევნო 2 წელი ჩაქვის განვითარებას დაეთმობა და ამ კუთხით ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ. განვიხილავთ მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ პრობლემებს და ვიზრუნებთ მათ დროულად მოგვარებაზე“ – აღნიშნა მერმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოქალაქეებმა წყალმომარაგების გაუმჯობესების, ადაპტირებული გარემოს შექმნის, ქუჩების კეთილმოწყობის, სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასაფლაოების მოწესრიგების ინიციატივები წამოაყენეს.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დასამტკიცებლად საკრებულო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0