ქუთაისში ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცი” ჩვენება გაიმართა

22/02/2018

ქუთაისში ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცი” ჩვენება გაიმართა. პრემიერას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია ესწრებოდნენ. გერმანიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ექვთიმეს როლის შემსრულებელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ჩამოვიდა.
ნიკოლოზ ხომასურის ფილმი “ექვთიმე ღვთისკაცი” – საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის, ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან. სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.
ფილმის ჩვენება “კინო საქართველოში”, ერთდროულად 4 დარბაზში მოეწყო, რის შემდეგაც შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მოხდა ფილმის განხილვა.
ფილმის ბიუჯეტი 320 ათასი დოლარია. კინოსურათის გადაღება ქართველი ხალხის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გადაღებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ასევე პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0