შალვა კერესელიძემ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

13/02/2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაცვა-შენარჩუნებაში ჩაერთვება. მუზეუმში მომუშავე არქეოლოგები და არქიტექტორები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს რეგიონში არსებული ძეგლების აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაში დაეხმარებიან. საქართველოს ეროვნული მუზეუმი უზრუნველყოფს მცხეთა-მთიანეთის სამეცნიერო-კულტურული დაწესებულებათა თანამშრომლების გადამზადებას.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ასევე, ითვალისწინებს რეგიონში ახალგაზრდა თაობის ეროვნულ მუზეუმთან ინტეგრაციის ხელშეწყობას. სკოლის მოსწავლეებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები იგეგმება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უფრო ახლოდან გაეცნონ და პროფესიულად კიდევ უფრო განვითარდნენ.

„რეგიონის ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება ჩვენთვის პრიორიტეტულია. მინდა, მადლობა გადავუხადო ეროვნულ მუზეუმს ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩართულობისთვის. ჩვენ შევძლებთ ერთიანი ძალებით ვემსახუროთ ჩვენი მემკვიდრეობის დაცვას და მოვლას” – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0