შალვა პაპუაშვილი, გიორგი ვოლსკი და მაკა ბოჭორიშვილი შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ

06/08/2022

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

„მთავარია სტაბილურობა იყოს. განვითარება სტაბილურობის გარეშე არ არსებობს. ეს რეგიონი ჩვენთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის. მთავარია, სოფლები არათუ იცლება, არამედ, მოემატა მოსახლეობა. პრობლემები არის, მაგრამ ტენდენციები ძალიან დამაიმედებელია“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის და გუნდის ინტერესი იყო ახლოს გაცნობოდნენ ხალხს და იმ მეურნეობებს, რომელსაც სერიოზული რესურსით დაეხმარა სახელმწიფო. პარლამენტის თავმჯდომარემ, პირველმა ვიცე სპიკერმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფელ არბოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და სოფლების – აძვის და ჯარიაშენის სკოლა მოინახულეს.

„ჩვენი გუნდის და პარლამენტის თავმჯდომარის ინტერესი იყო ახლოს გავცნობოდით ხალხს და იმ მეურნეობებს, რომელსაც საკმაოდ სერიოზული რესურსით დაეხმარა სახელმწიფო და ადამიანები თავისი შრომისმოყვარეობით, პროფესიონალიზმით ნამდვილად ამართლებენ ამ დახმარებას და საკმაოდ წარმატებულები არიან. გარდა ამისა, მოვინახულეთ ინფრასტრუქტურული პროექტები. სასმელი წყლით მომარაგება ყოველთვის პრობლემა იყო ამ მხარეში და ხალხს ათეული წლები არ ჰქონდა წყალი. არაერთი სოფელია, რომელიც უკვე ახალი პროექტებით გაყვანილი წყლით სარგებლობს და მათ შორის, საგანგებო მნიშვნელობა აქვს სარწყავ წყალს. შეუდარებლად დიდია სარწყავი წყლის არხების რაოდენობა. რომ არა ხალხის შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი, ეს არ იქნებოდა, რასაც ახლა ვხედავთ. არცერთი კვადრატული მეტრი მიწა არ არის დატოვებული დაუმუშავებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მოყვა ახალგაზრდების დაბრუნება სკოლებში, ოჯახების დაბრუნება და საკმაოდ სერიოზული რაოდენობაა პროგრამების, რომლითაც სარგებლობენ. რასაკვირველია, პრობლემები არის, არავინ თქვას, რომ ჩვენ მხოლოდ პოზიტიური ვითარების შეფასებისთვის ვართ ჩამოსული, მაგრ ამ პოზიტიური ტენდენციით, ამ ტემპით, რასაკვირველია პრობლემები გადაიჭრება“, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ყველაზე კარგად ჩანს რა არის რუსული ოკუპაციის სახე და რა შედეგები მოაქვს რუსულ ოკუპაციას.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ამ სოფლებს, რომლებიც მდებარეობენ საოკუპაციო ხაზთან, იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ყოველდღიურად რუსული ოკუპაციის შემხედვარე და მაყურებელი და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მათ ჰქონდეთ მხარდაჭერა, გვერდში დგომა, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ ამ რთულ პირობებთან გამკლავება, რაც თან ახლავს რუსულ ოკუპაციას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრებს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის ბოლოს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, გორში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს და რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0