ჩვენთვის იქნება ძალიან საინტერესო ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის კუთხით შვედეთის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება

06/12/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც დელეგაციასთან ერთად შვედეთის სამეფოში იმყოფება, ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ მარგოტ ვალსტრომთან გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს. ირაკლი კობახიძემ მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი ვითარება გააცნო.
მარგოტ ვალსტრომმა ქართულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა.
მხარეებმა ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ წარმატებებზეც. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა აქტიურად გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში შვედეთის განსაკუთრებული როლი და მარგოტ ვალსტრომს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. მხარეები ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შვედეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მარგოტ ვალსტრომთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მათი განგრძობითი მხარდაჭერა, რომელიც არაერთხელ იქნა გამოთქმული, ასევე, მათი მხარდაჭერა ჩვენი ევროპასთან თანამშრომლობის კუთხით და ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორი შვედეთი იყო და ამ მიმართულებით ისინი ძალიან მნიშვნელოვნად თვლიან მათ როლს და აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას“,- განაცხადა შვედეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საუბარი შეეხო ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით შვედეთის გამოცდილების გაზიარებასაც.
„ჩემთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გარემოს დაცვის სტანდარტების მიმართულებით შვედეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. სამომავლოდ დაგეგმილი შეხვედრებზე ამ საკითხს კიდევ ვიმსჯელებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის იქნება ძალიან საინტერესო ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის კუთხით შვედეთის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება და მათი პრაქტიკის გადმოღება ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით კი, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებენ. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა შვედეთის მხრიდან მხარდაჭერისა და მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0