ჩვენ თოთოეულ სტუმარს გერმანიიდან დიდი სიყვარულით ვმასპინძლობთ

19/09/2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, დოქტორი ფრანკ ოტფრიდ იული ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ეპისკოპოსმა ბოლნისის ახალი მუზეუმი და ძველი გერმანული უბნები დაათვალიერა. ეპისკოპოსმა, დელეგაციის სხვა წევრებთან, ვიურტემბერგის მხარის საეკლესიო მრჩეველ კლაუს რიტთან, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოს მარკუს შოხთან და პასტორ ირინა სოლეისთან ერთად ყოფილი სომხური სკოლის სარეაბილიტაციაო სამუშაოებიც მოინახულა, სადაც ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. ეპისკოპოსს მეგზურობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გაუწია. ვიზიტის დასასრულს კი ფრანკ ოტფრიდ იულიმ ბოლნისის ლუთერული სამრევლო სახლიც მოინახულა. აღსანიშნავია, რომ ფრანკ ოტფრიდ იულიმ საქრთველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან უკვე გამართა.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიურტემბერგის მხარის ეპისკოპოსს ბოლნისში, ძველ გერმანულ ქალაქში ვუმასპინძლეთ, ქალაქში, რომელიც მე-19 საუკუნეში სწორედ ვიურტემბერგიდან ჩამოსულმა გერმანელებმა დაარსეს. ქალაქი ბოლნისი ქართველი და გერმანელი ერის მეგობრობის სიმბოლოა და ჩვენ თოთოეულ სტუმარს გერმანიიდან დიდი სიყვარულით ვმასპინძლობთ. დღეს ეპისკოპოსს ისტორიული უბნები და ბოლნისის ახალი მუზეუმი დავათვალიერებინეთ და მას ჩვენი მუნიციპალიტეტის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გავაცანით. ეს ვიზიტი ვფიქრობ, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0