ცაგერში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

23/01/2017

ცაგერის მუნიციპალიტეტში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში გუბერნატორთან და გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და ქალაქ ამბროლაურის მერიის ხელმძღვანელები შედიან.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება კი 2017 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს დაეთმო. გუბერნატორმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ინფორმაციები უშუალოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან მოისმინა. თათბირზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტების პარამეტრები და საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მზადების პროცესი, რომლის მიხედვითაც მომავალში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამების განსაზღვრა მოხდება.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს დასრულდება ზემო და ქვემო სვანეთისა და საჩხერე–რაჭის დამაკავშირებელი გზების საპროექტო და უწერა–შოვის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გარდა ამისა დასრულების ფაზაშია ცაგერის სპორტული კომპლექსისა და მწვანე თეატრის სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა განხორციელებასაც რეგიონის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისა და ენერგო ეფექტური სანათების მოხმარების საკითხი, რომლის შესახებაც პრეზენტაცია კომპანია ,,MLED“ -ის წარმომადგენელმა დავით ჭიჭინაძემ წარმოადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა თათბირზე ყურადღება გამახვილდა მ/წელს ლადო ასათიანის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსამზადებელ სამუშაოებსა და ცნობილი რაჭველი ქორეოგრაფისა და ხელოვანის დავით სხირტლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ საკიხებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0