ცენტრალურ აფრიკაში მორიგი როტაცია განხორციელდა

24/01/2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში სამხედრო მოსამსახურეების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონია გაიმართა. ევროკავშირის სამხედრო საწავრთნელ მისიაში (EUTM RCA) გაცილების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, პასკალ მენიე და ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა სამწყობრო მოედანზე შეკრებილ ეროვნული გვარდიის მსუბუქი ქვეითი ოცეულის ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა, მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, საგარეო პრიორიტეტებზე, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.
საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩებმა სიტყვით მიმართვისას, საქართველოსა და ევროპის საერთო ღირებულებებზე, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში ერთობლივ ძალისხმევაზე ისაუბრეს. მათ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ შეტანილი წვლილი და მათი პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნეს.
პირადი შემადგენლობა ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა დალოცა.
მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა გვარდიის ტერიტორიაზე მშენებარე, მიქაელ გობრონისა და დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ღონისძიებას გვარდიისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA, 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში მიიღებს მონაწილეობას. ქვედანაყოფი II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრებ ოცეულს ჩაანაცვლებს.
კონტინგენტი დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენს.
ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა სამშვიდობო მისიებში 2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული. ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ISAF-ისა და RSM-ის მისიებში მონაწილეობდნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში -„ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო. ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შემდეგი მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიაში EUMAM RCA 12 აპრილიდან ჩაერთო.
2017 წლის 31 იანვრიდან ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ – სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA მონაწილეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0