“ჭყონდიდლობა” 2017 გაიმართა

26/09/2017

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუხუცესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ – მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე “ჭყონდიდლობა” აღინიშნა. ქალაქის ცენტრში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება: მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა). ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი. ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის წინ მოეწყო სახვითი ხელოვნების გამოფენა (მხატვარი-ირაკლი სურმავა). ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა (პედაგოგი ამალია ჭილაია) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, ლიანა კვაშილავას ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა. ღია ცის ქვეშ ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. მთელი დღის განმავლობაში, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ ნებისმიერ მსურველს შეეძლო გამოფენის დათვალიერება. ჩატარდა სპორტული ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, ა(ა)იპ-ებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლო. საზეიმო ვითარებაში აღინიშნა გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშო ბაღის გახსნიდან ერთი წლის იუბილე. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა მარტვილელებს: გურამ გალდავას, კონსტანტინე ხაინდრავას, ალიოშა გაბეშიას, მურმან ბეჭვაის, აივენგო გაბისონიას, მათ გადაეცათ სიგელები და მედლები. დღის ბოლოს ჩატარდა გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ზურაბ კობეშავიძე, პაატა თედიაშვილი, გიორგი დათიაშვილი, ლადო ჯანელიძე, მაკა ქაჯაია, ნათია ქოროღლიშვილი, თამარ მეჭიაური, დიტო ლაგვილავა, ბექა ბროლაძე, ანანო ხურცილავა, მარიამ დანელია, ბექა წულაია. დღესასწაული გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0