ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ყველა რეგიონის თანაბარი განვითარებაა

13/02/2019

ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ყველა რეგიონის თანაბარი განვითარებაა, რაც რეგიონებში ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნის და ეკონომიკური განვითარების წახალისების წინაპირობაა.

„მინდა, სოფელ უდაბნოს მცხოვრებლებს მოგილოცოთ სოფელში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა, რომელიც უკვე მეთორმეტეა კახეთის რეგიონში. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი სოფლისთვის, რადგან საზოგადოებრივი ცენტრების შექმნის იდეა სწორედ იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ ჩვენს რეგიონებში, სოფლებში შეძლოს, ისარგებლოს ყველა სერვისით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

სოფელ უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს მასშტაბით უკვე 63-ეა, რამდენიმე კვირაში კი ახალი ცენტრი ტყიბულში გაიხსნება.

„ეს ცენტრები მოსახლეობას ზუსტად ისეთივე ხარისხის მომსახურებას აწვდის, როგორც ნებისმიერ დიდ ქალაქში. უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის არსებობა თქვენ გაგიმარტივებთ 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას, თქვენ გექნებათ სწრაფი, კომფორტული მომსახურება. ჩვენი ახალგაზრდები და მოზარდები შეძლებენ, ისარგებლონ უახლესი ტექნიკით, თანამედროვე სტანდარტების ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, შეხვედრების ოთახით და უფასო ინტერნეტით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ცენტრში განთავსდება კერძო კომპანიების ფილიალებიც, რომლებიც მოსახლეობას თავიანთ მომსახურებას შესთავაზებენ. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოფელში მცხოვრები პენსიონერები პენსიას ადგილზე მიიღებენ. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა სოფელ უდაბნოს ტურისტულ პოტენციალს და აღნიშნა, რომ ტურისტული მიმართულების კიდევ უფრო განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას მთავრობა უზრუნველყოფს.

„რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავასრულეთ წყალმომარაგების პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენგანისთვის, მაგრამ ამავე დროს სხვა ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია, განსაკუთრებით საავტომობილო გზა და გპირდებით, ამასაც ძალიან მოკლე ვადებში გადავჭრით. აქვე არის დავით გარეჯის კომპლექსი, რომელიც თითოეული ქართველისთვის, თითოეული ქრისტიანისთვის მართლაც უნიკალური ძეგლია და ეს სოფელ უდაბნოს დიდ ტურისტულ პოტენციალს აძლევს. გპირდებით, თითოეული თქვენგანი უახლოეს მომავალში საკუთარი თვალით დაინახავს, რომ ძალიან გაიზრდება თქვენს სოფელში ტურისტების რაოდენობა და ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საზოგადოებრივი ცენტრები, რომლებიც მოსახლეობას 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სერვისზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს, ეტაპობრივად მთელს საქართველოს მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0