ჯაბა სამუშიას სპეციალური ჯილდო გადაეცა

14/06/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ისტორიკოსს ჯაბა სამუშიას პროექტისთვის – „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“ სპეციალური ჯილდო „ბროლის აპოლონი“ გადაეცა.
აღნიშნული პროექტის სრული სახით წარდგენა ხელოვნების სასახლეში მოეწყო და მას პროექტის ავტორი ჯაბა სამუშია და „ხელოვნების სასახლის“ დირექტორი გიორგი კალანდია უძღვებოდნენ.
პროექტი 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ სერიის ფარგლებში, 30 წიგნი გამოიცა. „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“ საქართველოს ისტორიის ვიზუალური რეკონსტრუქციაა, რომელიც მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს.
,,ეს წიგნები საქართველოს ისტორიითა და ხელოვნებით დაინტერესებული ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
გიორგი კალანდიას თქმით, დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით იქმნებოდა თითოეული ეპოქის საბრძოლო, საერო თუ საეკლესიო კოსტიუმები, არქიტექტურული ძეგლები, რუკები და სხვ.
სერიის შესაქმნელად მეცნიერების, მხატვრების, ფილოლოგების თუ ტექნიკური პერსონალის დიდი გუნდი წლების განმავლობაში მუშაობდა.
ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ისტორიკოსები, ეთნოგრაფები, ასევე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0