ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით 150-მდე საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმის მონაცემი

22/10/2017

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ, 22 ოქტომბრის 18:00 საათის მდგომარეობით მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების უმრავლესობა სამივე სახის არჩევნებისთვის დათვლილია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის ცესკოს ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დათვალა ყველა ოქმი თბილისისა და 4 თვითმმართველი ქალაქის მერის და თბილისის პროპორციული სისტემის არჩევნებისთვის. რაც შეეხება თვითმმართველი თემის მერის, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის არჩევნების შედეგებს საქართველოს მასშტაბით, მათი დიდი ნაწილი ამ დროისთვის ასევე დათვლილია.
“ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით 150-მდე საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმის მონაცემი და მიმდინარეობს როგორც ამ ოქმების შეყვანა, ისე მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების პროცესი. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა დაასრულონ არაუგვიანეს 1 ნოემბრისა (11 დღის ვადაში). შეჯამების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურს დანიშნავს იმ ოლქებში, სადაც მერობის კანდიდატების მიერ ვერ მოხდა 50%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 15 ნოემბერია“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.
როგორც მან მედიას განუცხადა, პირველადი მონაცემებით მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ. ეს მაჟორიტარული ოლქებია: #29 ყაზბეგის, #35 ხაშურის, #36 ბორჯომის, #60 ოზურგეთის, #59 ქუთაისის და #65 მარტვილის საარჩევნო ოლქები.
რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრების შესახებ, მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შემოსულია 444 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომელიც შეეხება პროცედურულ დარღვევებს და საჭიროებს შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0