„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება

16/09/2016

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება, – როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება, რისთვისაც სახელმწიფო კომპანიას, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში 10 650 კვმ მიწის ნაკვეთს გადასცემს. კომპანია 10-მდე ადამიანს დაასაქმებს.
ქალაქ ფოთში კი, საფეიქრო, ტექსტილის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება და ამ მიზნით, კომპანია 9 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 1000 ადამიანი დასაქმდება.

„ეს არის ძალიან მსხვილი, საფეიქრო, ტექსტილის მწარმოებელი კომპანია და მას სიმბოლურ ფასად გადაეცემა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, რომლებიც დღეს უვარგისია, თუმცა კომპანია მათ განახლებას და იქ ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კიდევ ერთ კომპანიას კი, რომელმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე შექმნა მეფრინველეობის კომპლექსი, საწარმოს გაფართოების მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე 1,4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0