ბოდორნაში „მწვანე“ ჰესის მშენებლობა დაიწყო

15/12/2017

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინიციატივით, ეკოლოგიურად სუფთა ჰესის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. დღეს ბოდორნა ჰესის ტერიტორიაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ და ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სიმბოლური კაფსულა ჩააგდეს.
ბოდორნა ჰესის მშენებლობისთვის ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მლნ ლარია. ჰესი შემდეგი წლის შემოდგომაზე უკვე ექსპლუატაციაში ჩაეშვება და საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება. მშენებარე ჰესის დადგმული სიმძლავრე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 15 მლნ.კვტ/სთ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათაო ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით მუდმივი მომარაგება მოხდება, რაც თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტია იქნება.
ღონისძიებას ესწრებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, პირველ მოადგილესთან ბესიკ თალაკვაძესთან ერთად. გუბერნატორი მიესალმა რეგიონში ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ჰესის მშენებლობის დაწყებას. ლევან ზაუტაშვილის განცხადებით აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ენერგო სისტემის განვითარების მიმართულებით, რომელიც უზრუნველჰყოფს როგორც ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას, ასევე, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0